ფილების ტექტონიკა (ლათ.tectonicus;ძვ. ბერძნ.τεκτονικός — სამშენებლო)[1] — საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო თეორია, რომლის თანახმად, დედამიწის ლითოსფერო შედგება რიგი მსხვილი ტექტონიკური ფილისგან, რომელთა ნელა მოძრაობა დაიწყო დაახლოებით 3.4 მილიარდი წლის წინ.[2] მოდელი დაფუძნებულია კონტინენტური დრიფტის კონცეფციაზე, რომლის იდეა განვითარდა XX საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში. ფილების ტექტონიკა გეომეცნიერთა მიერ საყოველთაოდ გახდა აღიარებული ზღვის ფსკერის სპრედინგის დამტკიცების შემდეგ, 1960-იანი წლების შუა ხანების ბოლოს.
ტექტონიკური ფილები შეიცავს ოკენურ ლითოსფეროსა და მსხვილ კონტინენტურ ლითოსფეროს, რომლებიც დაფარულია საკუთარი ქერქით. კონვერგენტული საზღვრების გასწვრივ ორი ფილა ერთმანეთისკენ გადაადგილდება; დაკარგული მასალის ფართობი ზღვის ფსკერის სპრედინგით დაბალანსებულია ახალი (ოკეანური) ქერქის ჩამოყალიბებით დივერგენტული კიდეების გასწვრივ. ამგვარად, ლითოსფეროს გეოიდის ზედაპირის საერთო ფართობი მუდმივი რჩება. ფილების ტექტონიკის ასეთი პროგნოზი აგრეთვე მოიხსენიება, როგორც სარტყლის კონვეიერის პრინციპი. ადრინდელი, უარყოფილი იდეებიდან აღსანიშნავია თანდათანობითი შეკუმშვის (კონტრაქციის) ან დედამიწის თანდათანობითი გაფართოების ჰიპოთეზები.[4]
ტექტონიკურ ფილებს მოძრაობის უნარი აქვთ, ვინაიდან დედამიწის ლითოსფეროს გააჩნია უფრო დიდი მექანიკური სიმტკიცე, ვიდრე ქვეფენილ ასთენოსფეროს. მანტიის გვერდითი სიმჭიდროვის ცვლილება კონვექციის შედეგია; ამის მიზეზია დედამიწის მყარი მანტიის ნელი, მცოცავი მოძრაობა. ითვლება, რომ ფილების გადაადგილებას იწვევს ზღვის ფსკერის მოძრაობა სპრედინგული ქედების გასწვრივ და ქერქის სიმჭიდროვის ცვლილება. სუბდუქციის ზონებზე შედარებით ცივი, მჭიდრო ოკეანური ქერქი „ჩაწოლილია“ ან მანტიაშია დაძირული ქვემოთკენ მანტიური უჯრედის კონვერგენტულ ფრთაზე.[5] თითოეული ამ ფაქტორის შეფარდებითი მნიშვნელობა და ერთმანეთთან კავშირი გაურკვეველია და ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი განხილვის საგანია.