უწერა — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები, ფარავნეში). მდებარეობს მდინარე რიონის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1050 მეტრი, ონიდან 10 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 260 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
412 |
187 |
225
|
2014[1] |
260 |
124 |
136
|
ისტორია
ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.
სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიის (ვახუშტი ბაგრატიონი მას „სიონად“ მოიხსენიებს) ნანგრევები, გრანიტის ქვით ნაგები წმ. გიორგის სახელობის მომცრო დარბაზული ეკლესია, რომლის ორი კედელი მოგვიანებით რიყის ქვით არის აღდგენილი. სოფლის მახლობლად ფეოდალური ხანის ციხისა და 3 ეკლესიის ნანგრევებია.
ვახუშტი ბაგრატიონი უწერის შესახებ წერს:
|
„არს დაბა უწერა, რიონის ორსავე კიდესა ზედა. აქა, რიონის ჩდილოთ, არს ეკლესია სიონი, დიდი. ამ ეკლესიის კამარასა შინა მკიდარებს თმა ერთი ნაწნავი, და იტყჳან თამარ მეფისასა. აქავ არს მიწა, რომელსა უწოდებენ სასუნებლად, რომელი დავსწერეთ ქართლსაც, არამედ ესე უმეტეს ძალიანი, რამეთუ გარდაფრენილი ფრინველი მას ზედა ჩამოვარდების სუნისაგან. არს ესე ონსაცა, გარნა ესევე უმჯობესი.“
|
|
|
1901 წლის მონაცემებით უწერის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 7 სოფელს და 3693 ადამიანს.[3]
კურორტი
უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5 °C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.
ლიტერატურა
- უშვერიძე გ. მეტრეველი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, , 1986. — გვ. 199.
- ალადაშვილი ბ. საოჯახო მედიცინა. გვ. 493. თბილისი, 1984.
- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 768. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.
სქოლიო