სისხლი

ტერმინს „სისხლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სისხლი (მრავალმნიშვნელოვანი).
მარცხნიდან მარჯვნივ – ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები

სისხლი (ლათ. sanguis, ბერძ. αἷμα) – განსაკუთრებული თხევადი ქსოვილი. გულის მეშვეობით, ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. მედიცინის დარგს სისხლის შესახებ ჰემატოლოგია ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.

შემადგენლობა

სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები და სისხლის ფირფიტები, ანუ თრომბოციტები. პლაზმა სისხლის 50-60%ს შეადგენს, 40-50% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალსგლუკოზას. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე (ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები).


ქსოვილურ  სითხეს  უშუალო კონტაქტი  აქვს  ორგანიზმის  ყოველ  უჯრედთან.  სწორედ მისგან  იღებენ  უჯრედები  სასიცოცხლოდ  აუცილებელ  ნივთიერებებს  და  მასშივე  გამოყოფენ დაშლის პროდუქტებს. უჯრედში ჟანგბადი და საკვები ქსოვილური სითხის გავლით შეაღწევს. ცვლის პროდუქტები უჯრედიდან ისევ ქსოვილურ სითხეში  გამოიყოფა. ამრიგად, ქსოვილური სითხე  შუამავლის  როლს  ასრულებს  უჯრედსა და სისხლს  შორის. ჭარბი  ქსოვილური  სითხე ლიმფურ კაპილარში გადადის და ლიმფად გადაიქცევა. ლიმფა გამჭვირვალე სითხეა და შედგენილობით ქსოვილურ სითხეს ჰგავს. ის მოძრაობს ლიმფურ ძარღვებში. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება. სისხლის თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია. სისხლი ადამიანის მასის 1/3 ნაწილს შეადგენს, და მას მრავალი ფუნქცია აკისრია. სისხლი შეიცავს 55% პლაზმას და 45% ფორმიან ელემნტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10% - ცილებს, ცხიმებს, ნახირწყლებს და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და სისხლის შედედება. ფორმიანი ელემენტები კი შეიცავენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს. ერითროციტებს  წითელ  შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.

ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევე ადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდან ქსოვილებში. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“. ჰემოგლობინი მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგსაც იკავშირებს, მიაქვს ფილტვებში და იქ გასცემს. ერითროციტები სატვირთო მანქანას ჰგავს, რომელსაც აირები გადააქვს.

სისხლის ჯგუფები

სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთდაიგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით:

სისხლის ჯგუფი შეიძლება გადაესხას შემდეგ ჯგუფებს შეიძლება მიიღოს შემდეგი ჯგუფებიდან
I I,II,III,IV I
II II,IV I,II
III III,IV I,III
IV IV I,II,III,IV

იმუნიტეტი

ადამიანის ორგანიზმი ციხესიმაგრეს ჰგავს, რომელსაც გარს მრავალი „მტერი“ ახვევია. მათ, უპირველეს ყოვლისა, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები მიეკუთვნება. ისინი გამუდმებით ეძებენ ორგანიზმის სუსტ წერტილებს მასში შესაღწევად. თუმცა ეს არცთუ ადვილის მათთვის. ადამიანის ორგანიზმს ძლიერი დამცავი იმუნური სისტემა გააჩნია. იმუნური სისტემის მთავარი ფუნქციაა შეინარჩუნოს „თავისი“, არ შეუშვას და მოიშოროს უცხო. ორგანიზმის ამ უნარს იმუნიტეტი ჰქვია. ორგანიზმის დაცვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანისა და ლორწოვანი გარსების მთლიანობას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მიერ გამოყოფილ სეკრეტებს, ნაღველის, კუჭის ჭვენს, ლორწოს.

დაცვის რთულ სისტემაში აქტიურადაა ჩართული ლეიკოციტები. მათი ერთი ნაწილი ფაგოციტოზის გზით შთანთქავს და ინელებს მიკრობებს. ამ ლეიკოციტებს ამებოიდური მოძრაობა ახასიათებთ. ისინი გამოდიან სისხლძარღვიდან და მოძრაობენ უჯრედშორის სივრცეში, ანტიგენის შეჭრის ადგილისაკენ. ასეთ ლეიკოციტებს ფაგოციტები ეწოდება. მათი უმრავლესობა ბაქტერიებთან ბრძოლაში იღუპება. დაღუპული ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გროვა ჩირქს წარმოქმნის. თუ ფაგოციტმა ვერ შეძლო მიკრობების დამარცხება, ის იშველიებს ლეიკოციტის სხვა სახეს - ლიმფოციტს, რომელიც ამოიცნობს რა „უცხოს“, იწყებს მათი საწინააღმდეგო სპეციფიკური იარაღის - ანტისხეულების გამომუშავებას. ანტისხეულები მიკრობებს ბოჭავს და ხელს უწყობს მათ გაუვნებლებას.

მიკრობთა მრავალფეროვნების გამო, ლიმფოციტები ყველას თავის საწინააღმდეგო ანტისხეულს „უმზადებს”. ლიმფოციტები ამ მიკრობებს კარგად იმახსოვრებენ და განმეორებითი შეხვედრისთანავე იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას. ამ დროს დაავადება აღარ ვითარდება. ამიტომაა, რომ ზოგიერთი დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანი ამ დაავადებით განმეორებით აღარ ავადდება - მას ამ დაავადების მიმართ უკვე გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი. ოდითგან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მტერი ინფექციური დაავადებების გამომწვევებია. ისტორიაში შემონახულია ყვავილის, შავი ჭირის, ქოლერის, ტიფის, გრიპის ეპიდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფექციებთან ბრძოლის ახალი ერა ვაქცინის შექმნის შემდეგ დაიწყო.
სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ვაქცინაცია - ვაქცინის ორგანიზმში შეყვენა. ვაქცინა პრეპარატია, რომელიც დამზადებულია დასუსტებული ან მკვდარი მიკრობისაგან, ან მათი შხამიანობადაკარგული ტოქსინებისაგან. ისინი დაავადებას ვერ იწვევენ, მაგრამ ორგანიზმი „ტყუვდება“ და მათ საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ასეთ იმუნიტეტს აქტიურს უწოდებენ, ვინაიდან ანტისხეულებს თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს. ახალშობილებს ცრიან ბავშვთა ინფექციური დაავადებების - ყოვანახველას, პოლიომიელიტის, წითელას, დიფტერიის, ყბაყურას, ტუბერკულოზისა და სხვათა საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც ეს დაავადებები ძირითადად ლიკვიდირებულია. ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ სამკურნალო შრატებსაც იყენებენ. მათ დაავადებაგადატანილი ადამიანის ან ვაქცინირებული ცხოველის სისხლის შრატიდან ამზადებენ. ის მზა ანტისხეულებს შეიცავს. შრატის შეყვანის შემდეგ ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს პასიური იმუნიტეტი ეწოდება, ვინაიდან ანტისხეულებს თვითონ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს. ამრიგად, სისხლის უჯრედებს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში ბერდებიან, იღუპებიან და მათ ნაცვლად ახლის წარმოქმნაა საჭირო. სისხლის უჯრედების წარმოქმნა ძვლის წითელ ტვინსა და ლიმფურ კვანძებში ხდება.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ლამარა ბურდილაძე, მარინე ბაგალიშვილი; ბიოლოგია XII კლასი; დიოგენე , გვ. 71; 2010

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!