სივრცე — სამგანზომილებიანი უსაზღვრო არე რომელშიც მდებარეობენ სხეულები და მოვლენები, რომლებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ გარკვეული მდებარეობა.[1] ფიზიკური სივრცე ხშირად განიხილება როგორც სამგანზომილებიანი, თუმცა თანამედროვე ფიზიკაში სივრცეს ხშირად დროსთან ერთად განიხილავენ, როგორც ოთხგანზომილებიანი სივრცე-დროის ნაწილს. მათემატიკაში განსახილველი ამოცანის მიხედვით სივრცეს შეიძლება ჰქონდეს მებისმიერი განზომილება და განსხვავებული სტრუქტურა. სამყაროს შემეცნებისთვის სივრცის ცნება უმნიშვნელოვანესი საბაზისო ცნებაა, თუმცა დღემდე მიმდინარეობს კამათი ფილოსოფოსებს შორის სივრცის რაობის შესახებ — არის ის ობიექტი, კავშირი ობიექტებს შორის თუ კონცეპტუალური ბაზისის ნაწილი.
მე-17 საუკუნეში კლასიკური მექანიკის განვითარებასთან ერთად წამოიჭრა ბევრი ფილოსოფიური კითხვა. ისააკ ნიუტონის ხედვით სივრცე არის აბსოლუტური, იმ გაგებით, რომ იგი არის პერმანენტულად და დამოუკიდებლად განვრცობილი მასში სხეულების არსებობის მიუხედავად.[2]გოტფრიდ ლაიბნიცი კი მიიჩნევდა, რომ სივრცე არის სხვადასხვა სხეულებს შორის ურთიერთგანლაგების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება მათ შორის მანძილითა და ურთიერთგანლაგებით. მე-18 საუკუნეში იმანუელ კანტმა აღწერა სივრცე და დრო როგორც გარემო, რომელშიდაც ადამიანები ახდენენ მათი გამოცდილების სტრუქტურირებას.
ეკონომიკური სივრცე — არის სუბიექტების, ობიექტების, პროცესების და სისტემის ადგილმდებარეობის და მასზე მოქმედი ყველა გარემოების განმსაზღვრელი ერთობლივი მაჩვენებელი, ანუ სრული პროცესუალური, მიკრო და მაკროკლიმატური ერთობლიობა.[4]