როლან ბარტი (Roland Barthes [ʀɔlɑ̃ baʀt]; დ. 12 ნოემბერი, 1915 — გ. 25 მარტი, 1980) — ფრანგი ლიტერატურის კრიტიკოსი, ლიტერატურის და სოციალურ მეცნიერებათა თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი და სემიოტიკოსი. ბარტის ნაშრომებმა, რომლებიც მრავალ სფეროს მოიცავს, გავლენა მოახდინა სხვადასხვა თეორიულ სკოლაზე, მათ შორის - სტრუქტურალიზმზე, სემიოლოგიაზე, ეგზისტენციალიზმზე, მარქსიზმსა და პოსტსტრუქტურალიზმზე.
საფრანგეთის ინტელექტუალურ სარბიელზე ბარტი 1950-იან წლებში გამოჩნდა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა სარტრის ნაშრომმა ”რა არის ლიტერატურა?” (1947). ბარტის ნაშრომი ”წერის ნულოვანი ხარისხი” (1953) თავდაპირველად ალბერ კამიუს ჟურნალ ”კომბაში” გამოქვეყნდა, რამაც ავტორი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ წამყვან კრიტიკოსად აქცია. მასში ბარტმა შემოიტანა ”წერის” კონცეფცია, რომელიც სტილისგან, ენისგან და მწერლობისგან გამიჯნა.