იმ დროს, ოსმალეთის სულთანს ჰყავდა 100 000 მეომარი, ხოლო ლაიოშ II-ს — მხოლოდ 25 000. ასე რომ, სასწაული უნდა მომხდარიყო, იმისათვის რომ, გამარჯვება სწორედ ლაიოშს დარჩენოდა. ამიტომ, ლაიოშს ბევრჯერ შესთავაზეს, რომ სულთან სულეიმანს დანებებოდა, მაგრამ მან არავის დაუჯერა და გადაწყვეტილება არ შეცვალა. მათთვის დანებებას, ოსმალთათვის გაშლილ ველზე შებმა არჩია.
29 აგვისტოს, მოჰაჩის ველზე გაიმართა სასტიკი ბრძოლა, სადაც ოსმალეთის იმპერიამ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა და ეს ყველაფერი ოსმალებმა მხოლოდ 2 საათში მოახერხეს. ახალგაზრდა მეფე ლაიოშ II-ც ამ ბრძოლას შეეწირა, მის 25 000 ჯარისკაცთან ერთად.
სწორედ ამ დაპყრობილ ტერიტორიაზე შეიქმნა ოსმალეთის უნგრეთი მის ტახტზე პრეტენზიას ორი კანდიდატი აცხადებდა — ფერდინანდ I და იანოშ I ზაპოლაი. 1541 წელს, მას შემდეგ, რაც სულეიმან I-მა ჰაბსბურგებს ბუდა წაართვა, დასავლეთ და ჩრდილო უნგრეთის მეფედ აღიარებულ იქნა ფერდინანდ I, ხოლო სამხრეთ და ცენტრალური უნგრეთი ოსმალეთის მფლობელობაში დარჩა და მას სათავეში იანოშ I ჩაუდგა.
არსებობის პერიოდი
ოსმალეთის უნგრეთი არსებობდა საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, კერძოდ კი 1541-1699 წლებში და მას სათავეში ზაპოლაების დინასტია ჩაუდგა.
დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ძირითადი ნაწილი მათ მიწაზე ოსმალთა გაბატონებას მალევე შეეგუა, ხოლო დანარჩენები, დროთა განმავლობაში იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია და შეგუებოდნენ მათ მმართველობას. ეს ყველაფერი ოსმალეთს საშუალებას აძლევდა უნგრელ ხალხზე კიდევ უფრო მეტად გაეზარდა საკუთარი გავლენა და ბევრი ადამიანი მოექცია მის ქვეშ, რასაც ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ. თუმცა, ოსმალთა ბატონობის გამო, უნგრეთში ნელ-ნელა გაჩნდა დაუსახლებელი მიწები, გლეხები ტყეებს აფარებდნენ თავს. მაგრამ, ამ დაუსახლებელ მიწებზე განვითარდა სოფლის მეურნეობა, რამაც საგრძნობლად გააძლიერა ეკონომიკა. გაჩნდა ვენახები. ღვინო ჩეხეთში, ავსტრიასა და პოლონეთში გაჰქონდათ.
არსებობის შეწყვეტა
როდესაც ოსმალეთის ხანგრძლივი დაკნინების პერიოდი დაიწყო, იგი კარგავდა პატარ-პატარა ტერიტორიებს, კუნძულებსა და ქვეყნებს. 1699 წელს, ოსმალეთის იმ დროინდელი სულთანი მუსტაფა II, იძულებული გახდა, რომ დაედო ოსმალეთის იმპერიისათვის საზიანო კარლოვიცის ზავი, რომლითაც უნგრეთის დიდი ნაწილი მიიღო ავსტრიამ. შესაბამისად, რადგან ოსმალეთის იმპერია აღარ ბატონობდა უნგრეთზე, ოსმალეთის უნგრეთმაც შეწყვიტა არსებობა.