ოკლენდი (ინგლ.Auckland) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. სახელი ეწოდა ქვეყნის უდიდესი ურბანული არეალის — ქალაქ ოკლენდისგან. რეგიონი მოიცავს ოკლენდის მეტროპოლისს, პატარა ქალაქებს, სასოფლო დასახლებებსა და ჰაურაკის ყურის კუნძულებს. ამ რეგიონში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი. ახალი ზელანდიის რეგიონებს შორის, ოკლენდს ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს, პირველია ეკონომიკურად, მაგრამ ტერიტორიის მხრივ მეორე ყველაზე მცირეა.
2010 წლის 1 ოქტომბერს, ოკლენდის რეგიონი უნიტარული მმართველობის გახდა, რომელსაც ოკლენდის საბჭო მართავს. მან წინა რეგიონული საბჭო და შვიდი ადგილობრივი საბჭო ჩაანაცვლა. ამ პროცესში, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორია მეზობელ უაიკატოს რეგიონს გადაეცა.
გეოგრაფია
რეგიონი გადაშლილია კაიპარის უბიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, ოკლენდის ნახევარკუნძულის ყელების გასწვრივ, უაიტაკერეს ქედებისა და ოკლენდის ვიწრო ყელების გავლით. რეგიონი სრულდება მდინარე უაიკატოს შესართავიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნორთლანდის, სამხრეთით კი უაიკატოს რეგიონი.