მალთუსიანელობა

მალთუსიანელობა — კონცეფციათა ერთობლიობა, რომელიც მოსახლეობის რიცხოვნობის უსაზღვრო ზრდას განიხილავს როგორც სოციალური უბედურების, პოლიტიკური რყევისა და ეკოლოგიური კატასტროფის ძირითად მიზეზს. სახელწოდება მომდინარეობს ინგლისელი ეკონომისტის, თ. რ. მალთუსის გვარიდან, რომელმაც განავითარა მოსახლეობის კვლავწარმოების ბიოლოგიურობის იდეა და განსაზღვრა საზოგადოების განვითარების დემოგრაფიული დეტერმინირების პრინციპი. მალთუსი მიიჩნევდა, რომ დემოგრაფიული ზრდა არის დამოუკიდებელი ცვლადი, რომელიც კორექტირდება მხოლოდ „დამანგრეველი“ (ომები, ეპიდემიები, შიმშილი) და „გამაფრთხილებელი“ (დაუქორწინებლობა, გვიანი დაქორწინება და ა. შ.) სოციალური ფაქტორებით. მალთუსმა ნიადაგის კლებადი ნაყოფიერების კანონზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა თეორია, რომლის თანახმად, ყველა ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელია მუდმივი მისწრაფება შეუზღუდავი გამრავლებისადმი, ვიდრე ეს მათი საარსებო საშუალებების რაოდენობით არის დასაშვები.

მალთუსის მიერ ჩამოყალიბებული კანონის თანახმად, მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული, ხოლო არსებობის საშუალებები – არითმეტიკული პროგრესიით.

მალთუსის თეორიაში სიღატაკის, პაუპერიზმისა და პოლიტიკური კონფლიქტების ასახსნელად გამოიყენება ბიოლოგიური და მისგან გამომდინარე დემოგრაფიული დეტერმინიზმი. მალთუსი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჭარბი მოსახლეობის თავიდან აცილებით სახელმწიფოში მოისპობა ტირანია და სოციალური მღელვარება, რისი მიღწევის საშუალებადაც მიიჩნევდა ქრისტიანული ასკეტიზმის გავრცელებას, „ზნეობრივ თავშეკავებულობას“ (დაქორწინებასა და ბავშვის გაჩენაზე ნებაყოფლობით უარის თქმა); ღარიბებისათვის სამთავრობო დახმარების აღმოჩენას მხოლოდ ჭარბმოსახლეობის პრობლემის გამწვავების მიზეზად თვლიდა. იბრძოდა სახალხო განათლების სისტემის შემოღებისთვის, რაც სხვა ყველაფერთან ერთად ხელს შეუწყობდა შობადობის შემცირებას. თუმცა საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანად თვლიდა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას და ბავშვთა მოკვდაობის შემცირებას.

მალთუსმა პირველმა მიანიშნა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის ნეგატიური შედეგების შესაძლებლობაზე, საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ჭარბმოსახლეობისა და პაუპერიზმის პრობლემებს.

კ. მარქსი და მისი მიმდევრები ასაბუთებდნენ მოსახლეობის კვლავწარმოების კანონზომიერებებისადმი ისტორიული მიდგომის აუცილებლობას, კერძო საკუთრებაზე დამყარებულ საზოგადოებაში ჭარბმოსახლეობის შეფარდებით ხასიათს. ჭარბმოსახლეობას ისინი უკავშირებდნენ არა ბუნების კანონებსა და შეზღუდულ საარსებო საშუალებებს, როგორც მალთუსი მიიჩნევდა, არამედ სოციალურ მიზეზებსა და წარმოების საშუალებებზე საკუთრების დამოკიდებულებებს.

მალთუსის გარდაცვალების შემდეგ სახე იცვალა მალთუსიანელობის დემოგრაფიულმა კონცეფციამ, რომლისგანაც რამდენიმე მიმართულება გამოიყო. მალთუსიანელობის, როგორც სოციალური მოძღვრების არსს, მის ფილოსოფიურ, ეკონომიკურ და პოლიტოლოგიურ პოზიციებს რამდენადმე არსებითი ცვლილება არ განუცდია. მისი ერთ-ერთი საფუძველია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების უარყოფა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მალთუსიანელობისადმი მარქსისტებისა და სოციალისტური შეხედულებების მომხრეთა ნეგატიური დამოკიდებულება.

1920-1940 წლებში მალთუსიანელობის მომხრეთა კვლევები კონცენტრირებული იყო მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის ცალკეულ შედეგებზე, ჭარბმოსახლეობის სახით ეკოლოგიური სიტუაციის მომავალ გამწვავებაზე, დაუმუშავებელი მიწების რეზერვის შემცირებასა და ამოწურვაზე. ამ პერიოდის მალთუსიანელობის მომხრეთა ნაშრომები, როგორც წესი, გამაფრთხილებელი პროგნოზების ფარგლებს არ სცილდებოდა.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დემოგრაფიული აფეთქების პირობებში მალთუსიანურმა იდეებმა ახალი იმპულსი შეიძინა. თანამედროვე მალთუსიანელების დოქტრინაში ცენტრალური ადგილი უჭირავს განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის პრობლემებს, რასაც ისინი გლობალური ეკოლოგიური კრიზისისა და არაერთი სამხედრო კონფლიქტის მიზეზად მიიჩნევენ, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის შენარჩუნებას კი შობადობისა და მოსახლეობის მატების მაღალი დონით ხსნიან.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან განვითარდა მალთუსიანელობის მიმართულება, რომელიც იკვლევს გლობალური ეკოლოგიური კრიზისის პრობლემებს. ამ მიმართულების მომხრეთა აზრით, მალთუსიანელობის არც ერთ კრიტიკოსს არ დაუმტკიცებია, რომ სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მაღალი დონის შემთხვევაშიც კი არ გამწვავდება წინააღმდეგობა მოსახლეობის რიცხოვნობასა და გარემოს მდგომარეობას შორის. მალთუსის აღნიშნული ნაშრომი უმნიშვნელოვანესი დემოგრაფიული ძეგლია, რადგან სწორედ მასშია პირველად ჩამოყალიბებული მოსახლეობის განვითარების ზოგადი პრინციპები, რომლებიც ერთიანი მეცნიერული თეორიის სახით არის გადმოცემული.

საქართველოში საბჭოთა პერიოდში და ზოგადად საბჭოთა კავშირში თ. მალთუსის უმთავრესი თხზულება – „გამოცდილება ხალხთმოსახლეობის კანონის შესახებ“ – არ გამოცემულა (ამ თხზულების სრული რუსული თარგმანი გამოიცა მოსკოვში 1868 წელს, ხოლო შემოკლებული ვარიანტი – 1895 წელს, რომლის სტერეოტიპული ვარიანტიც უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 1993 წელს გამოქვეყნდა), რამაც სათანადო დაღი დაასვა არა მხოლოდ ქართულ დემოგრაფიულ მეცნიერებას, არამედ საერთოდ საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესწავლასაც.

2004-2005 წლებში თსუ-ის დემოგრაფიული კათედრის მიერ განხორციელდა ამ ნაშრომის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

ლიტერატურა