ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთის დაბლობისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.