ლიაო (ჩინ.ტრად.遼朝, გამარტ.辽朝, ფინინი: Liao chao) — კიდანების სახელმწიფო აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაშიX–XIII საუკუნეებში. ახლანდელი შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე მომთაბარე კიდანთა ერთ-ერთმა ბელადმა, აბაოძიმ (აბუგი; 872–926) 907 წელს შეიჭრა ჩინელთა მიწებზე და 916 წელს თავი თავის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს (947 წლამდე ეწოდებოდა კიდანი) იმპერატორად (ტაი-ძუ) გამოაცხადა. არმიის რეორგანიზების შედეგად თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა კიდანთა 8 ტომი, დაიმორჩილა მეზობელი ჯურჯენთა და შივეის ტომები, დაიპყრო ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილი (დღევანდელი ხებეის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები) და 926 წელს — ბოხაის სახელმწიფო. ჩინეთის მორიგი პოლიტიკური კრიზისის გამოყენებით ხარკი დაადო ხუთი დინასტიის ეპოქის სამეფოებს. ლიაოს აყვავების ხანაა X–XI საუკუნეები. ამ პერიოდში ლიაო გადაიჭიმა იაპონიის ზღვიდან აღმოსავლეთ თურქესტანამდე და წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს. ლიაოში აშენდა ქალაქები, გზები, განვითარდა სოფლის მეურნეობა (უპირატესად მესაქონლეობა), ხელოსნობა და ვაჭრობა. შემუშავდა ორი იეროგლიფური ანბანი [ე. წ. დიდი (920) და პატარა (925) დამწერლობა], დაიწყო სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება, შემოიღეს ახალი კალენდარი (947), შეიქმნა განათლების სისტემა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლები, გაიშალა ჩინეთიზაციის პროცესი ცხოვრების ყველა სფეროში. 947 წელს სახელმწიფოს დიდი ლიაო ეწოდა, 983 — წელს კიდანების დიდი სახელმწიფო, 1066 წელს — ისევ დიდი ლიაო. 1005 წელს ლიაო თავს დაესხა ჩინეთის სუნის იმპერიას, წაართვა მას 16 ჩრდილოური ოლქი და ხარკი დააკისრა. ამის მიუხედავად, ლიაოს შიდა ვითარება არასტაბილური იყო, 1110 და 1118 წელს სხვადასხვა ტომებისა და ქალაქების აჯანყებებმა მისი ძლიერება შეარყია. 1113 წელს აგუდამ, ჯურჯენების ბელადმა ვანიანის გვარიდან, აჯანყება მოაწყო და 1115 წელს თავი ახალი სახელმწიფოს, ძინის იმპერატორად გამოაცხადა, რომელმაც 1125 წელს ლიაო გაანადგურა.