ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე 1967 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 აგვისტო, 1946
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 5 ივლისი, 2024 (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი კლასიკა
საქმიანობა მევიოლინე, დირიჟორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
საიტი ოფიციალური საიტი
ლიანა ისაკაძე ვიკისაწყობში

ლიანა ისაკაძე (დ. 2 აგვისტო, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 5 ივლისი, 2024) — ქართველი მევიოლინე, დირიჟორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974). სსრკ სახალხო არტისტი (1988). თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა — 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016).[1]

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვნობის გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. ლიანა ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემის; ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, ჰელსინკი, 1970, I პრემია).

1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ოთარ თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტის) პირველი შემსრულებელია. გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში — „სიბელიუსი“ (1975). მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი (1974).

გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინის შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. მიღებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1979). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

გარდაიცვალა 2024 წლის 5 ივლისს, 77 წლის ასაკში.[2] დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ბათუმის საპატიო მოქალაქე
  2. „გარდაიცვალა ლიანა ისაკაძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს“. rustavi2.ge. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1970. № 2. გვ. 34
  5. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1974. № 8. გვ. 373