კაბენის მონასტერი — IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი ახალგორის მუნიციპალიტეტში სოფელ ყანჩავეთის მახლობლად. XIII საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. თავდაპირველად „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა, უძველეს ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, 4 გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. საშენ მასალად გამოყენებულია თეთრი, ნასვრეტებიანი ტუფი (კონსტრუქციულ ელემენტებში) და რიყის ქვა. კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება ტრომპებით. გუმბათსა და გუმბათის ყელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც, საღებავებით შესრულებული სამხრეთ ფასადის წარწერაში მოხსენებულ პირთა მიხედვით, IX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. 1908 წლისთვის მონასტერი დანგრეული იყო. მონასტერში ინახებოდა ყანჩავეთის ტყავის სახარება.[1]
2006 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].