ზოგიერთ კონტექსტში სიტყვა „ინფლაცია“ გამოიყენება ფულის მიწოდების ზრდის მნიშვნელობით, რასაც ზოგჯერ განიხილავენ, როგორც ფასთა ზრდის მიზეზს. ზოგიერთი ეკონომისტი კვლავაც ამ განსაზღვრებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, 1920-იანი წლების აშშ-ის ეკონომიკის ზოგიერთი ანალიტიკოსი მიუთითებს ინფლაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იმ პერიოდში არ იზრდებოდა. ამ სტატიაში „ინფლაცია“ განხილულია მისი ტრადიციული მნიშვნელობით.
დაკავშირებული ტერმინებია: დისინფლაცია — ინფლაციის დონის შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, დეფლაცია — ფასთა საერთო დონის ვარდნა, რეფლაცია — დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება, ჰიპერინფლაცია — სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე. ინფლაციის დაბალი დონე (0-2%) ხშირად გაიგივებულია „ფასთა სტაბილურობასთან“, და მრავალი ცენტრალური ბანკი ოფიციალურად ან არაოფიციალურად მისდევს ინფლაციურ პოლიტიკას, რათა დაცულ იქნას გარკვეული სასურველი ზედა და ქვედა ზღვარი.