თინა წავკისელი

თინა წავკისელი — ქართველი გმირი ქალი, რომელიც ცხოვრობდა XVIII საუკუნეში. მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია.

ბიოგრაფია

თინა წავკისელი დაიბადა სოფელ წავკისში. იყო გაბაშვილის ყმა. მისი ნამდვილი გვარია ფეიქრიშვილი. იგი გარდაიცვალა ბატონყმური უსამართლობისა და უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ცნობილია, რომ თინა წავკისელს ბატონმა ნამუსი ახადა. გაუბედურებულმა და შეურაცხყოფილმა თინამ შური იძია ავხორც ბატონზე. იგი იმავე ღამეს მოკლა და სასახლიდან ისე გაიქცა, რომ მის გზა-კვალს ვერავინ მიაგნო. სხვა გადმოცემის მიხედვით, ბატონის მიერ შეურაცხყოფილი და განაწამები თინა ახალგაზრდა ქალ-ვაჟებთან ერთად სოფლად მოთარეშე, გარყვნილ და გადაგვარებულ ფეოდალებს მოუტაცებიათ და მიუყიდიათ ირანელებისთვის, რომელთაც ტყვედქმნილ ქალებისთვის ნამუსის ახდა მოუნდომებიათ. ირანელებისაგან ფარულად თინა მოლაპარაკებია მასთან მყოფ ტყვეებს და, როცა მტაცებლებს უცდიათ თავიანთი ბოროტი განზრახვის შესრულება, თინასა და მის ბედში მყოფ ქართველ ქალებს წაურთმევიათ მათთვის ხანჯლები, ყველა დაუხოციათ, შემსხდარან ცხენებზე და ჩამოსულან თბილისში, მეფის სასახლეში. მათ ერეკლე მეფისათვის უამბიათ თავზე გადამტყდარი უბედურება. ქალების გმირობით გაკვირვებულ ერეკლე მეფეს ისინი სასახლეში დაუტოვებია. მეფის სასახლეში თინამ კარგად შეისწავლა თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება, ცხენზე ჯდომა. მას მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული და არა ერთგზით უსახელებია თავი.

თინა წავკისელის ასეთი მამაცური მოქმედებით ხალხი იყო აღფრთოვანებული. ის, როგორც მებრძოლი და გმირი ქალი ერეკლე მეფეს განსაკუთრებით უყვარდა. თინა გათხოვების მსურველი არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში მას და რომელიღაც სახელოვან მებრძოლ ვაჟკაცს მტრის წინააღმდეგ ისე მამაცურად უბრძოლიათ, რომ პატარა კახს ძლიერ მოსწონებია ისინი, ორივე მოუწვევია თავისთან და უთხოვია შეუღლება. თინასა და უცნობ მებრძოლს აუსრულებიათ მეფის მამაშვილური თხოვნა.

ახლად ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი სოფელ წავკისში დასახლებულან. ისინი, სანამ დასახლდებოდნენ, სოფლელებისაგან იღებდნენ შემწეობას, ხოლო სოფლის დახმარებით და საკუთარი შრომით, დროთა ვითარებაში შექმნეს ოჯახი. თინა მალე ორი შვილის დედა გახდა, მიუხედავად ამისა, მას სამშობლოს სამსახურისთვის თავი არ დაუნებებია. როგორც დ. ჯანაშვილი აღნიშნავს, ერთხელ ერეკლე მეფეს სოფელ წავკისის ყველა გლეხი მდევრად გაუყვანია. ამ დროს სეფელში ხმა დარხეულა, წავკისს დარბევას უპირებენ თათრებიო. თინას გაუგია თუ არა ეს ამბავი, მაშინვე სოფლის ახლოს, ერთ დოდ კოშკში შეუხიზნია სოფლის დედაკაცები, გოგო-ბიჭები, მოხუცები და ავადმყოფები, ამის შემდეგ კოშკის კიბის სათოფეებზე დაუწყვია ფუტკრის სკები, ჩაუკეტავს ორივე მხრის ძირის კარები შიგნიდან და თან უბრძანებია: ჩემო შვილებო მეზობლებო და თანამოძმენო, მე მივდივარ ქალაქ თბილისს, რათა ჩვენს მფარველს, პატარა კახს შევატყობინო მტრის თავდასხმა. თქვენ ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით. თუ მტერი კოშკს მოადგება, დაამტვრევს ძირის კარებს და ამოვა კიბეზე. თქვენ სკიდან ფუტკარი გაუშვით, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდური, თავზეხელაღებული მტერი ჩვენს მოსვლამდე შეაჩეროს.

შეიარაღებული თინა წავკისელი სასწრაფოდ მოჯდომია ცხენს და წასულა თბილისისკენ. ამასობაში ურიცხვი მტრის ლაშქარი დასხმია თავს ხალხით სავსე კოშკს, შეუმტვრევიათ გარეთა კარები, ასულან ბნელ კიბეზე და მისდგომია ზედა კარებს. ციხეში შეხიზნულ ქალებს სასწრაფოდ გაუხსნიათ სკები. გამოუშვიათ ფუტკრები, რომელსაც სიბნელეში დაუწყია საშინელი ბზუილი და კბენა. ასე უწვალებიათ დავდამსხმელი თათრები, ვიდრე თინა წავკისელი მოვიდოდა ჯარით. მათ ციხეში შესული და ფუტკრებისაგან დაკბენილი თათრები სასტიკად დაუმარცხებიათ. ამ გამარჯვების შემდეგ არ გასულა დიდი დრო, რომ თინა წავკისელს მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა ორი ვაჟი. ერთ-ერთ მათგანს გოირგი რქმევია. 1795 წელს, თბილისში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, თინა წავკისელი სამშობლოს დამცველი მამებისა და ძმების გვერდით იბრძოდა. უთანასწორო ბრძოლაში მამაცი ქალი მტერს ტყვედ ჩაუგდია და შორეულ ქვეყნისაკენ წაუყვანია.

ერეკლემ თინა წავკისელი გამოიხსნა მტრის ხელიდან, მაგრამ ის ირანელებმა კვლავ ჩაიგდეს ხელთ და წამებით მოკლეს ბოლნისის მხარეში. არსებობს გადმოცემა, რომ ერეკლე მეორეს ბრძანებით თინა წავკისელი ქმრის გვერდით, ბოლნისის სიონის ახლოს დაკრძალეს, ხოლო ობლები სასახლეში წამოიყვანეს აღსაზრდელად.

ლიტერატურა

  • დავით ქორიძე, „სახელოვანი ქართველი ქალები“, თბ., 1965.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!