თავდაპირველი მიწისზედა პავილიონი შედიოდა უნივერმაღ „თბილისის“ კომპლექსში. მიწისქვეშა სადგური, რომელიც ზედა ვესტიბიულთან დაკავშირებულია ესკალატორით, წარმოადგენს სვეტების (კოლონების) რიგს, რომლებიც თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული; გადახურვა კამაროვანია. იატაკზე დაგებულია წითელი მარმარილოს ფილები.[1]
სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო მის ვიზუალურ მხარეს. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. განახლდა საკომუნკაციო სისტემაც. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში წითელი და თეთრი ფერები ჭარბობს: საქართველოს დროშისა და წითელი ვარდისგან შექმნილი კომპოზიციის შესაბამისად.
უნივერმაღ „თბილისის“ დანგრევისა და მის ადგილზე „გალერეა თბილისის“ აშენების (2017–2018) შემდეგ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ახალი ზედა პავილიონი (ძველი აღარ არსებობს) ახალაშენებული შენობის შიგნით აღმოჩნდა.[3]
თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება რუსთაველს.