დონ ხუან სპარსელი (Don Juan de Persia), ურუჯ-ბეგი (დ. დაახლ. 1560 — გ. დაახლ. 1650) — ირანელი დიპლომატი.
წარმოშობით ყიზილბაშური ტომიდან იყო. 1599 წელს იყო შაჰ აბასI-ის მიერ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით ინგლისელი ენტონი შერლის მეთაურობით ევროპაში გაგზავნილი ელჩობის მონაწილე (მდივანი). ესპანეთში მიიღო ქრისტიანობა და საბოლოოდ იქ დარჩენის სურვილი გამოთქვა. დონ ხუანის გარდაცვალების თარიღი უცნობია. უკანასკნელად იხსენიება 1560 წლის 11 ნოემბერს, როცა მას ანდერძი შეუდგენია.
ესპანეთში შეადგინა რელაციონი (1602–1603), რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ირან-ოსმალეთის 1578–1590 წლების ომისა და საქართველოს იმდროინდელი ვითარების შესასწავლად. რელაციონში არის საქართველოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა, ცნობები ოსმალების შემოსევის, სიმონ I-ის გმირული ბრძოლის, ათაბაგ მანუჩარ II-ის (მუსტაფა ფაშა) გამაჰმადიანების, ოსმალეთის წინააღმდეგ სიმონისა და მანუჩარის ერთობლივი ბრძოლის, ალავერდი-ხან უნდილაძის შესახებ და სხვ.
ლიტერატურა
- მამისთვალიშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, , 2012. — გვ. 480.
- Le Strange G., Don Juan of Persia: A Shi'ah Catholic 1560-1604. London, 1926.
- Cutillas, José F., "Don Juan de Persia", Christian-Muslim Relations 1500-1900, Brill, 2017.