გულაგი (რუს. ГУЛаг) — აკრონიმიГлавное управление исправительно–трудовых лагерей и колоний, შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო. გულაგის სახელით ცნობილია საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნაწილი, სადაც პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა (როგორც წესი ფიზიკურ) სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში.
1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. გულაგებში დაიღუპა 1,6 მილიონამდე ადამიანი. გულაგებში პატიმართა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს. ბანაკებში მყოფთ უხეიროდ კვებავდნენ, მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არ უზრუნველყოფდნენ ხშირი უამინდობისათვის საჭირო ტანისამოსით, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები.
გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში - ხე-ტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა.
1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. გულაგების სისტემა გაუქმდა 1960 წელს.