გაეროსუშიშროების საბჭოს რეზოლუცია 884 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 12 ნოემბერს. უშიშროების საბჭოს 822-ე (1993), 853-ე (1993) და 874-ე (1993) რეზოლუციების შეხსენების შემდეგ, საბჭომ შეშფოთება გამოხატა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისა და მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების გამო, კერძოდ, ზანგილანის რაიონისა და ჰორადიზის ოკუპაციის გამო.
საბჭომ, ასევე დაგმო აზერბაიჯანში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და დაბომბვები, რისთვისაც სომხეთის მთავრობას მოუწოდა გამოეყენებინა თავისი გავლენა მთიანი ყარაბაღის სომხების მიერ წინა უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისა და დაცვის საქმეში. ასევე მიესალმა ეუთოს მინსკის ჯგუფის დეკლარაციას ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუცია მხარეებისგან მოითხოვდა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, საოკუპაციო ძალები გასულიყვნენ ზანგილანის რაიონიდან და ქალაქ ჰორადიზიდან, ასევე აზერბაიჯანის ბოლო დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლოდროინდელ დარღვევებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარეებს მოუწოდა, მიეღოთ რუსეთის მთავრობასა და ეუთოს მინსკის ჯგუფს შორის კონტაქტების შედეგად დადგენილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. საბჭომ ასევე სთხოვა სხვა ქვეყნებს, თავი შეეკავებინათ კონფლიქტში ჩარევისაგან, განსაკუთრებით ირანს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ აზერბაიჯან-ირანის საზღვართან თავისი ჯარები გადაისროლა.[1]
საბოლოოდ, საბჭომ გენერალურ მდივანს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეწიათ ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი დევნილებისთვის. გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფს დაევალა, საბჭოსათვის ეცნობებინა განვითარებული მოვლენების შესახებ.
ამ რეზოლუციის მიღების მიუხედავად, დაბომბვები და პერიოდული ბრძოლები გაგრძელდა.[2]