ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი (?·i) (დ. 25 ივნისი 1936 , პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი — გ. 11 სექტემბერი, 2019, ჯაკარტა) — ინდონეზიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სუჰარტოს გადადგომის შემდეგ ეკავა ინდონეზიის პრეზიდენტის თანამდებობა 1998-1999 წწ.
1998 წელს აზიის ფინანსური კრიზისის შედეგად ინდონეზიაში სწრაფად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე პერიოდში სუჰარტო მეშვიდედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1998 წლის მარტში ჰაბიბი დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად. ქვეყანაში განვითარებული მასობრივი მღელვარებების გამო 21 მაისს სუჰარტო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმავე დღეს ჰაბიბი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი.
ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ პრეზიდენტ ჰაბიბის პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 20 %. 1999 წლის 20 ოქტომბერს პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად აირჩია ისლამური ოპოზიციის ცნობილი ლიდერი აბდურაჰმან ვაჰიდი. ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი გადადგა თანამდებობიდან. თანამდებობის დატოვების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში.
რესურსები ინტერნეტში