ალექსეი ნავალნი (რუს.Алексей Анатольевич Навальный; დ. 4 ივნისი, 1976, ოდინცოვკის რაიონის სამხედრო ქალაქ ბუტინში,[19][20]მოსკოვის ოლქი, სსრკ[21][22][23] – 16 თებერვალი, 2024) — რუსი პოლიტიკოსი[24] და საზოგადო მოღვაწე[19][20], იურისტი,[25] ინვესტ-აქტივისტი.[26][27] „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი. 2013 წლის 17 ნოემბრიდან სათავეში უდგას ლიბერალურ „პროგრესის პარტიას“.[28] კომპანია „აეროფლოტის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი.[29] მოსკოვის მერის 2013 წლის არჩვევნებზე გავიდა მეორე ადგილზე 632 697 ხმით (ხმების 27,24%). გამარჯვება პირველივე ტურში სერგეი სობიანინს დაუთმო.[30]
2020 წლის 20 აგვისტოს ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მისი გუნდის განცხადებით, იგი მოწამლეს. 22 აგვისტოს გადაიყვანეს სამკურნალოდ გერმანიაში.[31]2020 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა კომიდან.[32]
2021 წლის 11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩაენაცვლებინა. 17 იანვარს ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან ბრუნდებოდა. დაკავებიდან მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამართულ სასამართლო პროცესზე მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ სამ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა. სასჯელს მოაკლდა 10 თვე, რომელიც მან შინაპატიმრობაში გაატარა და საბოლოოდ 2 წელი და 8 თვე მიესაჯა. გარდა ამისა, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლითაც აღძრეს საქმე, რომელიც საკუთარივე ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ეხებოდა.[33]
ადრეული ცხოვრება და კარიერა
ნავალნი რუსული და უკრაინული წარმოშობისაა. გაიზარდა ობნინკში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით 100 კილომეტრში, თუმცა ბავშვობაში ზაფხულს ბებიასთან ატარებდა უკრაინაში, სადაც აითვისა უკრაინული ენა.[34] მის მშობლებს, ანატოლი ნავალნისა და ლუდმილა ნავალნაიას, მოსკოვის ოლქის სოფელ კობიაკოვოში კალათების საქსოვი ქარხანა აქვთ, რომელსაც ისინი 1994 წლიდან ამუშავებენ.[35]