ალბრეხტი დაიბადა 1528 წლის 29 თებერვალს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ IV-ისა და მისი მეუღლის, მარია იაკობა ბადენელის უფროსი ვაჟი. მან განათლება ინგოლშტადტში მიიღო, სადაც კათოლიკე ბერ-მონაზვნები ზრდიდნენ.
1546 წლის 4 ივლისს იგი დააქორწინეს საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ანა იაგელონის უფროს ქალიშვილზე, ერცჰერცოგინია ანა ავსტრიელზე, რომელიც თავის მხრივ იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ღვიძლი ბიძაშვილი და უნგრეთის მეფე ვლადისლავ II-ის შვილიშვილი. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა კათოლიკური ავსტრიისა და ბავარიის კიდევ უფრო დაახლოვებას საღვთო რომის იმპერიაში მიმდინარე რეფორმაციის წინააღმდეგ.
პოლიტიკური აქტივობა
1550 წლის 7 მარტს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ალბრეხტ V ბავარიის ახალი ჰერცოგი გახდა. მკაცრი კათოლიკური წესებით აღზრდილი ალბრეხტი მაშინვე შეუდგა თავის სამფლობელოში კონტრ-რეფორმაციის გაძღოლას. შესაძლოა ითქვას, რომ მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ბავარიაში „კათოლიციზმის დაცვის“ გამო საშინელი რეპრესიების მოწყობა. ვინაიდან კათოლიკობა განუყოფლად იყო დაკავშირებული ვიტელსბახთა დინასტიის ბედთან, იგი რელიგიასთან ერთად თავის ინტერესებსაც იცავდა. მიუხედავად ყველაფრისა, ალბრეხტს დიდი წვლილი მიუძღვის პასაუსა (1552) და აუგსბურგის (1555) ზავების დადებაში, რასაც საღვთო რომის იმპერიაში რელიგიური ომების დასრულება მოჰყვა.
ჰერცოგმა ალბრეხტმა დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ მისი ვაჟი ერნესტი კიოლნის არქიეპისკოპოსად დაენიშნათ. ამის შემდეგ, მთელი ორი საუკუნე კიოლნსა და მის შემოგარენს ვიტელსბახები განაგებდნენ.
1560 წელს გარდაიცვალა ბიძამისი, ზალცბურგის მმართველი ერნესტ ბავარიელი, რის გამოც ალბრეხტმა ზალცბურგზე განაცხადა პრეტენზია. მრავალწლიანი დავის შემდეგ, 1567 წელს მისმა ცოლისძმამ, საღვთო რომის იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ ალბრეხტი ზალცბურგის მმართველად დანიშნა.
კულტურული აქტივობა
1546 წლიდან ალბრეხტმა დაიწყო დახაუს სასახლის რეკონსტრუქცია, რომელიც მხოლოდ 1577 წელს დასრულდა. 1552 წლიდან ალბრეხტმა თავისი საგვარეულო სამკაულების ინვენტარიზაცია განახორციელა. მისი ცოლის ძვირფასეულობაზე წიგნიც კი დაიწერა, სახელწოდებით „ძვირფასეულობის წიგნი ბავარიის ჰერცოგინია ანასი“, რომელიც დღეისათვის მიუნხენის ბიბლიოთეკაში ინახება.
ალბრეხტი ხელოვნების დიდი მფარველი და მოყვარული იყო. მას ჰქონდა ხელოვნების ნიმუშთა დიდი კოლექციაც, რომელშიც შედიოდა ძველი ბერძნული და რომაული ხელნაწერები, მონეტების უზარმაზარი კოლექცია და უცხოური სამკაულები. მის კოლექციაში ძველ ეგვიპტური ხელოვნების ნიმუშებიც კი ინახებოდა, რომლებიც დღეისათვის ეგვიპტური ხელოვნების მუზეუმში, ბავარიაში. 1558 წელს მან დააარსა თავისი პირადი ბიბლიოთეკა მიუნხენის ცენტრში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. 1559 წელს დააარსა პედაგოგიუმიც.
მისი მმართველობის პერიოდში მიუნხენი ევროპული რენესანსის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა, სადაც პატრონობდნენ ხელოვანებს. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ალბრეხტმა ვენეციელი ანდრეა ლორდანის ხელოვნების კოლექცია მთლიანად შეიძინა, რომელშიც შედიოდა 120 ბრინჯაო, 2480 მედალი და მონეტა, 91 მარმარილოს ბიუსტი, 43 მარმარილოს ქანდაკება, 33 ბარელიები და 14 ტილო. ეს ყველაფერი მას 7,000 დუკატი დაუჯდა. ცნობილია, რომ ამ ძვირფასეულობის ბავარიაში გაყიდვას მტრულად შეხვდნენ ვენეციელები, რომელთაც მათი ვენეციაში შენახვა სურდათ.
ალბრეხტ V გარდაიცვალა 1579 წლის 24 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია მიუნხენში, ფრაუენკირხის საკათედრო ტაძარში.
მაქსიმილიანა მარია (4 ივლისი 1552 - 11 ივლისი 1614), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
ფრიდრიხი (26 ივლისი 1553 - 18 აპრილი 1554);
ერნესტი (17 დეკემბერი 1554 - 17 თებერვალი 1612), კიოლნის არქიეპისკოპოსი.
ლიტერატურა
Friedrich Wilhelm Bautz: Albrecht V., Herzog von Bayern. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 1, Bautz, Hamm 1975. 2., unveränderte Auflage Hamm 1990, ISBN 3-88309-013-1, Sp. 90–91.
Dietmar Heil: Die Reichspolitik Bayerns unter der Regierung Herzog Albrechts V. (1550–1579). Vandenhoeck & Ruprecht, Göttingen 1998, ISBN 3-525-36054-1
Sigmund von Riezler: Albrecht V. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 1, Duncker & Humblot, Leipzig 1875, S. 234–237.
Walter Goetz: Albrecht V.. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 158–160
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!